ჰაიტისთვის სამ წელიწადში 9,9 მილიარდი დოლარი გამოიყოფა

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ჰაიტისთვის დახმარების დონორთა კონფერენციაში, რომელიც ნიუ იორკში გაიმართა, 100-ზე მეტმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა და მათ მომავალი ორი წლის განმავლობაში 5 მილიარდ300 მილიონი დოლარის გამოყოფისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. გაეროს ხელმძღვანელის განცხადებით, მომავალი სამი წლის განმავლობაში ჰაიტის აღდგენისთვის 9 მილიარდ 900 მილიონი დოლარი გამოიყოფა. ბან კი მუნი თვლის, რომ დაპირებული თანხის რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა. კონფერენციის ორგანიზატორების გათვლით 3 მილიარდ 800 მილიონი დოლარის მობილიზაცია იყო დაგეგმილი. შეგახსენებთ, 12 იანვრის მიწისძვრამ ჰაიტიზე დაახლოებით 220 ათასი ადამიანი იმსხვერპლა. მილიონ 300 ათასი უსახლკაროდ დარჩა.