ყირგიზეთში მღელვარების შედეგად დაიღუპა 75 და დაშავდა ათასზე მეტი ადამიანი

ყირგიზეთში ოთხშაბათს დაწყებული მღელვარების შედეგად დაიღუპა 75 და დაშავდა ათასზე მეტი ადამიანი. ასეთი მონაცემები გამოაქვეყნა დღეს ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ. ამჟამად დედაქალაქ ბიშკეკში მიმდინარეობს ოპოზიციის მხარდამჭერთა მრავალათასიანი მიტინგი. ოპოზიციის ლიდერებმა, რომლებმაც დროებითი მთავრობა ჩამოაყალიბეს, დღეს გამოაცხადეს, რომ პარლამენტი დათხოვნილია და ყველა სახელმწიფოებრივი ფუნქციის შესრულება ახალ ხელისუფლებას დაეკისრა. დროებით მთავრობას განზრახული აქვს, ნახევარ წელიწადს იმუშაოს - ვიდრე ქვეყნის კონსტიტუციაში შეტანილ იქნება ცვლილებები. დროებითი მთავრობის თავმჯდომარის, როზა ოტუნბაევას განცხადებით, ყირგიზეთი შეასრულებს ყველა საერთაშორისო ვალდებულებას, რომელიც წინა მთავრობამ იკისრა. სარწმუნო ინფორმაცია იმის თაობაზე, მართლაც გადადგა თუ არა პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი, ჯერჯერობით არ მოიპოვება. მისი სახლი ბიშკეკში მაროდიორებმა გაძარცვეს და დაწვეს.