ცხინვალის რეაბილიტაციაში ჩართული მუშები გაიფიცნენ

შეჩერებული მშენებლობა ცხინვალში

ცხინვალის რეაბილიტაციაში ჩართულ ზოგიერთ რუსულ სამშენებლო კომპანიას მუშები გაეფიცნენ. ოთხი თვეა მათ ხელფასი არ მიუღიათ, ამიტომ სამშენებლო ობიექტებზე აღარ გადიან. სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის მთელ ცხინვალში შეჩერებულია. აღშფოთებული კოკოითი დაზარალებულ უბნებში თვითონ გავიდა და გაფიცულების პრეტენზიები მოისმინა.

კოკოითიმ მუშებს მოუწოდა სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელების წინააღმდეგ განცხადებები დაწერონ და მასთან მიიტანონ.

ჩავარდნილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ბოლო გაფრთხილება მიიღო დე ფაქტო რესპუბლიკის სარეაბილიტაციო კომიტეტის ხელმძღვანელობამ, რომელმაც ვერც სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლი უზრუნველყო და ვერც ფინანსების განაწილებისა. კოკოითის აღშფოთებას, შეჩერებული სამუშაოების გარდა, ის ფაქტიც იწვევს, რომ უხარისხოდ გადახურულმა სახურავებმა ახალი პრობლემები წარმოშვა. ამ დროისთვის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ბამის დასახლებაა, სადაც დაზიანებულ ობიექტებზე ერთი მუშაც კი არ იმყოფება.

კოკოითის მიერ მოწვეულ საგანგებო თათბირზე ცალკე განხილვის თემად იქცა კინოთეატრ ჩერმენის რეაბილიტაციის საკითხი. ეს ობიექტი ცხინვალში 10 წლის წინ აშენდა. აქ ჩატარდა კოკოითის ორივე ინაუგურაცია. კინოთეატრი ორიგინალური არქიტექტურით ცხინვალის ერთ–ერთ ღირშესანიშნავ ადგილს წარმოადგენდა, ახლა კი დაზიანებული ობიექტის რეაბილიტაცია რუსმა მშენებლებმა წინასწარი პროექტის გარეშე დაიწყეს და, კოკოითის თქმით, იგი „სარაიას“ დაამსგავსეს.

დაუსრულებელი რეაბილიტაციის გამო ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება ყოველდღიურად იზრდება. ცხინვალელთა ნაწილი მეორე წელია ისევ კარვებში ცხოვრობს, რუსეთიდან წამოსული ფინანსური დახმარება კი ხშირად უკვალოდ ქრება, რაც სამუშაოების შეფერხებას იწვევს. კრემლი რომ კოკოითის ხელისუფლებას აღარ ენდობა, ამას ცხინვალში გახშირებული სარევიზიო კომისიების ვიზიტებიც ცხადყოფს.