პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართება

პოლონეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 20 ივნისს დაინიშნა - მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი 11 დღის წინ მომხდარ ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. კენჭისყრის პირველი ტური 20 ივნისს დანიშნა პარლამენტის სპიკერმა, ბრონისლავ კომოროვსკიმ - რომელიც პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს. თუ ხმათა მინიმუმ 50 პროცენტს ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს, 4 ივლისს მეორე ტური შედგება. როგორც ვარაუდობენ, მთავარი კანდიდატები იქნებიან კომოროვსკი და დაღუპული პრეზიდენტის ტყუპისცალი, იაროსლავ კაჩინსკი. წინასწარი გამოკითხვებით, არჩევნებში სავარაუდოდ კომოროვსკი გაიმარჯვებს - რომელიც მმართველ მემარჯვენე-ცენტრისტულ სამოქალაქო პლატფორმას წარმოადგენს.