ყირგიზეთი ჯილდოს აწესებს ყოფილი ლიდერების შესახებ ინფორმაციისთვის

ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ ფულადი ჯილდო (20 000-დან 100 000-მდე დოლარი) დააწესა ინფორმაციისთვის, რომელსაც დამხობილ პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის, ასევე მისი ნათესავების და თანაშემწეების დაკავება მოჰყვება. ბაკიევი ბელორუსიაშია, რომლისგანაც ყირგიზეთის დროებითი მთავრობა ექს-პრეზიდენტის ექსტრადიციას მოითხოვს. რაც შეეხება ბაკიევის ნათესავებსა და მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათზე, დროებითი მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ძებნაა გამოცხადებული „სერიოზული დანაშაულების“ გამო. ეჭვმიტანილებს შორის არიან ბაკიევის ერთ-ერთი ვაჟიშვილი და სამი ძმა, ისევე როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრი დანიარ უსენოვი. ბაკიევის მმართველობა გასულ თვეში დაემხო საპროტესტო აქციების შედეგად, რომელთა წინააღმდეგ გამოყენებულმა ძალამაც, სულ ცოტა, 85 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დროებითი მთავრობა ბაკიევს აკისრებს დემონსტრანტების დაღუპვისთვის პასუხისმგებლობას.