საია ”ვაზაგაშვილის საქმის” სამართლიან გამოძიებას ითხოვს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ხელისუფლებას ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯის მოწოდებით მიმართა. ამ შინაარსის მოწოდება ახალგაზრდა იურისტებმა 5 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე გაახმოვანეს. მათი განცხადებით, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის მასალების სამართლებრივი ანალიზი მოწმობს, რომ გამოძიება არასრულყოფილად და ცალმხრივად წარიმართა. ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი 2006 წლის 2 მაისს, თბილისში, ჩოგბურთის კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპნენ.