ქართული პრესის მიმოხილვა. 6 მაისი 2010

Georgia -- Georgian newspapers, Tbilisi, 23Apr2010

დღევანდელი ქართული პრესის უდიდესი ნაწილი უჭირავს პოლიციის აღლუმისათვის მზადებას. სხვადასხვა გაზეთები ამ თემას განსხვავებული კუთხით აშუქებენ. ”რეზონანსით” დავიწყოთ, რომელიც სტატიას ასე ასათაურებს: ”პოლიციის აღლუმი შარშანდელი დარბევის წლისთავზე”. გაზეთი წერს, 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადებას და შესაბამის აღლუმს ოპოზიცია და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია საპროტესტო მსვლელობით უპირისპირდებაო. ”რეზონანსს” მოჰყავს პარალელები შარშანდელ დარბევასთან და ოპოზიციის მთავარ ლოზუნგსაც ასახელებს: ”შორს ხელები, ვანო, წმინდანებისგან”.

პოლიციის დღის გიორგობასთან დამთხვევას აპროტესტებს ”ახალი თაობაც“. პირველ გვერდზე მოწინავე სათაური ასეთია: ”6 მაისს პოლიციის დღის აღნიშვნა ეკლესიის შეურაცხყოფაა”.

”ყველა სიახლე” პირველ გვერდს თითქმის მთლიანად შარშანდელი აქციის დარბევის ფოტოკოლაჟს უთმობს, თვითონ გაზეთში კი ნახავთ ინტერვიუს რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილთან, რომელიც აღლუმის კომენტირებისას ამბობს: „მერაბიშვილისგან გაცილებით მეტ ცუდს ველი. როგორც ჩანს, აპირებს მოიწყოს აღლუმი და თავისი თავით დატკბეს იმ გამჭვირვალე შენობასთან. ვიღაცები აპირებენ ხელი შეუშალონ, ჩვენი „ალიანსი“ კი ამ აქციებში მონაწილეობას არ მიიღებსო”. ისე, ლევან ბერძენიშვილი სხვა თემებზეც ლაპარაკობს, მათ შორის - თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის შანსებზე და მოჰყავს ნიკოლოზ ბარათაშვილის ციტატა: ”ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთებაო”, ამბობს ის და ამატებს: ”ბრძოლაში მარტო მაშინ ხომ არ უნდა წავიდეთ, როდესაც გვეცოდინება, რომ მოწინააღმდეგე სუსტია და გამარჯვება გარანტირებული გვექნებაო”.

”ყველა სიახლე” წერს ასევე, როგორც ჩანს, ინტერპოლი ირაკლი ოქრუაშვილს აღარ ეძებსო. გაზეთის ცნობით, მართალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას უარყოფს, მაგრამ ინტერპოლის ვებგვერდზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის გვარი აღარსად ჩანს. „გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ სააკაშვილი ერთთვიანი უცხოური ვოიაჟისას ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდაო“, - წერს „ყველა სიახლე“.

ამ თემას ”ალია” განავრცობს. გაზეთი ბეჭდავს ინტერვიუს ექსპერტ რამაზ კლიმიაშვილთან, რომელიც მსჯელობს: პრეზიდენტი, ალბათ, მერაბიშვილის გავლენის შეზღუდვას ცდილობს. ”მას ძალიან აშინებს დღევანდელი სიტუაცია და ისევ თავის ძველ ძმაკაცთან გავარდა. მიშა ახალ დასაყრდენს ეძებსო”, - უთხრა რამაზ კლიმიაშვილმა ”ალიას”.