ბარამიძე: საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმით სარგებლობას შეძლებენ

ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობასა და ევროპის კავშირის დახმარებით მიმდინარე რეფორმებზე საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ ისაუბრა. მისი განცხადებით, რეფორმების მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ ბევრი გააკეთა, თუმცა გასაკეთებელი კვლავ ბევრია. ბარამიძის შეფასებით, ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო სლოგანი საქართველოს ხელისუფლების საქმიანობას წითელ ხაზად გასდევს. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ევროკავშირისკენ გზა საკმაოდ საინტერესოა, რადგან საქართველოში მნიშვნელოვანი რეფორმები ტარდება და ქვეყანა ევროკავშირს უახლოვდება. გიორგი ბარამიძემ დეპუტატებს აცნობა, რომ წლის ბოლომდე საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმით სარგებლობას შეძლებენ.