რუსეთის პრეზიდენტი გაზპრომის ცათამბრჯენის მშენებლობის შეჩერების მომხრეა

გავრცელებული ცნობების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი მხარს უჭერს გაეროს კულტურული სააგენტოს მცდელობას, შეჩერებულ იქნეს შუშისა და მეტალის ცათამბრჯენის მშენებლობა სანკტ-პეტერბურგის ისტორიულ ცენტრში. „კომერსანტმა“ დღევანდელ ნომერში მოიყვანა ნაწყვეტი კრემლის წარმომადგენლის წერილიდან, რომელიც სანკტ-პეტერბურგის გუბერნატოს ვალენტინა მატვიენკოს და სხვა ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ იუნესკოს რეკომენდაცია და შეაჩერონ მშენებლობა. 403 მეტრის სიმაღლის ცათამბრჯენში 2016 წლისთვის „გაზპრომი“ უნდა განთავსდეს. წამოწყების მომხრეები - მათ შორის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი - აცხადებენ, რომ 3 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი ქალაქის ეკონომიკაზე დადებითად აისახება. მაგრამ ადგილობრივი მცხოვრებნი და ოპოზიციის წარმომადგენლები გეგმას პროტესტით ხვდებიან.