სოზარ სუბარმა საკუთარი კონცეფცია საზოგადოებას გააცნო

"ალიანსი საქართველოსთვის" ყოფილმა თანათავმჯდომარემ სოზარ სუბარმა მისი კონცეფცია, სახელწოდებით: "ქართული იდეა, ანუ თვითმყოფადობა, პროგრესი და უსაფრთხოება" საზოგადოების წარმომადგენლებს გააცნო. სუბარის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებმა დაადასტურა, რომ ერთიანობის გარეშე ავტორიტარულ რეჟიმთან ბრძოლა შეუძლებელია, რეალური ერთობა კი, შესაძლებელია მაშინ, როდესაც გაერთიანების მონაწილეთა ხედვები ძირითად და პრინციპულ საკითხებში ერთმანეთს ემთხვევა. სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ ეს შეეხება არა მხოლოდ პოლიტიკურ ჯგუფებს, არამედ პირველ ყოვლისა, მოქალაქეებს, რომელთა ინტერესების ასახვაც პოლიტიკოსების მიზანი უნდა იყოს. ”ვფიქრობ, დადგა დრო, საზოგადოებამ მსჯელობა და ხედვების შეჯერება დაიწყოს" - განაცხადა ყოფილმა ომბუდსმენმა. მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის მოსაგვარებლადაც. სოზარ სუბართან შეხვედრის მონაწილეთა შორის იყვნენ ძმები გაჩეჩილაძეები, ტელეკომპანია ”მაესტროს” ხელმძღვანელი ეროსი კიწმარიშვილი და ”ალიანსი საქართველოსთვის” ყოფილი წევრი კოკა გუნცაძე. დღევანდელი შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ სოზარ სუბარის "ქართული იდეის" გარშემო ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა შეიქმნება.