ირანში ოპოზიციის მომხრეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა

საპროტესტო გამოსვლა ირანში

დღეს თეირანში, სადაც შარშანდელი სადავო საპრეზიდენტიო არჩევნების წლისთავს აღნიშნავენ, შეტაკებები მოხდა უშიშროების ძალებსა და ოპოზიციის მომხრეთა შორის. რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს მოჰყავს თვითმხილველთა ნაამბობი, რომ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა და ხელკეტები იხმარა საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა წინააღმდეგ თეირანის ორ მთავარ მოედანს შორის არეალში. იუწყებიან აგრეთვე, რომ თეირანის ორ უნივერსიტეტში სტუდენტები ანტისამთავრობო ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ. ინციდენტები მოხდა მიუხედავად მთავრობის გაფრთხილებისა, რომ დემონსტრანტების მიმართ ძალას იხმარდა და რეფორმისტი ლიდერების განცხადებისა, რომ პროტესტი მშვიდობიანი უნდა იყოს. ირანის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მირ ჰოსენი მუსავიმ, დღეს გაავრცელა განცხადება, რომ „პროტესტი მშვიდობიანი“ მეთოდებით გაგრძელდება.