ეუთოს თავმჯდომარე შეშფოთებას გამოთქვამს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მომხდარი ინციდენტის გამო

ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კანატ საუდაბაიევი „სერიოზულ შეშფოთებას“ გამოთქვამს ინციდენტის გამო, რომელიც 18-19 ივნისის ღამეს მოხდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონის საზღვარზე და მოითხოვს ზომების მიღებას, მომავალში ასეთი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად. სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროების ცნობით, შეიარაღებულ დაპირისპირებას, რომელიც 18-19 ივნისის ღამით მოხდა, ორივე მხარეზე მოჰყვა მსხვერპლი. დღეს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში, საუდაბაევი აცხადებს, რომ „არ არსებობს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად მოსაგვარებლად მიმდინარე მოლაპარაკების გონივრული ალტერნატივა“. ამავე განცხადებაში საუდაბაევი ადასტურებს „უპირობო მხარდაჭერას“ მინსკის ჯგუფის ჩარჩოებში მუშაობისადმი, რომელიც მოლაპარაკებების კონსტრუქციულ დიალოგად წარმართვას ემსახურება.