კეტრინ ეშტონმა დევნილთა დასახლება მოინახულა

კეტრინ ეშტონი ევროკავშირის დამკვირვებელთან ერთად კონფლიქტის ზონას ეცნობა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ბარონესა კეტრინ ეშტონი დღეს ოკუპირებული ახალგორის რაიონის მოსაზღვრე სოფელ ოძისში იმყოფებოდა. ეშტონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირებული ურთიერთობის თაობაზე მოლაპარაკების დაწყების გარდა, მისი ვიზიტის მიზანი ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის მუშაობის გაცნობა იყო. ეშტონმა იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტების პრობლემა პოლიტიკური გზით მოგვარდება. დღესვე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი წეროვანში, აგვისტოს ომის შედეგად დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა.