ბელგრადში ერთმანეთს შეხვდნენ ხორვატიისა და სერბიის პრეზიდენტები

სერბიისა და ხორვატიის პრეზიდენტები აცხადებენ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ბალკანეთში თანამშრომლობის ნიმუშია. ხორვატიის პრეზიდენტი კვირას ჩავიდა ბელგრადში. ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია სერბიაში. მას მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტი ბორის ტადიჩი შეხვდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ხორვატიის პრეზიდენტმა განაცხადა: ”სერბია-ხორვატიის ურთიერთობას რთული ისტორია აქვს, ეს რთული წარსულია. თუმცა, გამოვნახეთ კარგი გზა, სწორი გზა პრობლემების გადასაჭრელად, გამოვნახეთ გზა, რომელიც საუკეთესო მეზობლურ ურთიერთობამდე მიგვიყვანს და ეს არის გზა, რომელიც ევროკავშირამდე მიგვიყვანს. ხორვატია სერბიაზე ცოტათი ადრე შეუერთდება ევროკავშირს, მაგრამ, როგორც ჩვენი პრემიერ-მინისტრი კოსორი ამბობს და მეც ვეთანხმები მას, ხორვატია დაეხმარება თავის მეზობლებს, მათ შორის - სერბიის რესპუბლიკას, რაც შეიძლება მალე გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს ამ რეგიონში ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია.”