გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანმა რუსეთისაგან შეისყიდა ანტისაავიაციო სარაკეტო სისტემები, რომელთა ღირებულებაც 300 მილიონ დოლარს აღწევს. რუსეთის გაზეთი „ვედომოსტი“ დღევანდელ ნომერში იუწყება, რომ აზერბაიჯანმა შარშან გააფორმა კონტრაქტი რუსეთის შეიარაღების ექსპორტიორ სახელმწიფო კომპანიასთან S-300-ი ტიპის ანტისაავიაციო სისტემების შეძენის საკითხზე. „ვედომოსტის“ ცნობით, რუსეთის სამხედრო-ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც თავისი ვინაობის საჯაროდ გამხელა არ მოისურვა, განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მიერ ანტისაჰაერო სარაკეტო სისტემების ყიდვის მიზეზი შესაძლოა, იყოს თავდაცვაზე უკეთ ზრუნვა მეზობელ ირანში ვითარების დესტაბილიზაციის შემთხვევისათვის.