თბილისის დევნილთა სხვადასხვა შენობიდან გამოსახლება გრძელდება

თბილისის სხვადასხვა შენობიდან დევნილთა გამოსახლება გრძელდება. აგვისტოს ომის შედეგად ცხინვალის რეგიონიდან დევნილ 8 ოჯახს პოლიციის მეთვალყურეობით დღეს მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე შენობა დაატოვებინეს. მათი გამოსახლების პროცესს რაიმე კომენტარის გარეშე აკვირდებოდა ევროკავშირის 2 წარმომადგენელი. თავად დევნილებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მათ სავარაუდოდ, წალენჯიხის რაიონში გაამგზავრებენ. თბილისის შენობებიდან გამოსახლებულ იძულებით გადაადგილებულ ადამიანთა ნაწილს მთავრობა კომპენსაციას უხდის, ნაწილს კი - საქართველოს რაიონებში მდებარე კომპაქტურ დასახლებებში ცხოვრებას სთავაზობს. ამასთან, დევნილთა ნაწილი აცხადებს, რომ თავს თბილისში მუშაობით ირჩენს, სოფლად კი, მსგავსი საშუალება არ არსებობს, რის გამოც ელემენტარული შემოსავლის გარეშე დარჩებიან.