წყალდიდობით დაზარალებულ პაკისტანს საერთაშორისო თანამეგობრობამ 200 მილიონ დალარზე მეტი გამოუყო

გაეროს ცნობით, პაკისტანში წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობისთვის აუცილებელი 460 მილიონი დოლარიდან საერთაშორისო თანამეგობრობამ უკვე გამოყო ნახევარი. პაკისტანის მთავრობა ირწმუნება, რომ საერთაშორისო დახმარება ხელში არ ჩაუვარდებათ ქვეყანაში მოქმედ ექსტრემისტებს. დღეს, ბრიუსელში გამოსვლისას, პაკისტანში შექმნილ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა ევროკომისარმა ჰუმანიტარულ საკითხებში კრისტალინა გეორგიევამ. "პაკისტანში საქმე გვაქვს მსხვილი მასშტაბის ჰუმანიტარულ კატასტროფასთან", - თქვა მან. - "წყალდიდობით დაზარალებული ტერიტორია იტალიისას უტოლდება და თან წყალდიდობა ჯერ არ დამთავრებულა. ჩვენ დამატებით გამოვყოფთ 30 მილიონ ევროს. ამრიგად, ევროკომისიის მიერ პაკისტანისთვის გამოყოფილი თანხის საერთო მოცულობა 70 მილიონ ევროს შეადგენს." პაკისტანში სამი კვირის წინათ დაწყებულმა წყალდიდობამ, ამა თუ იმ სახით, 20 მილიონამდე ადამიანი დააზარალა. დაღუპულთა რიცხვმა 1600-ს გადააჭარბა.