ერაყში ვერ ხერხდება მთავრობის ჩამოყალიბება

შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ერაყში - საპარლამენტო არჩევნებიდან ნახევარი წლის შემდეგაც - ვერ ხერხდება ახალი მთავრობის ჩამოყალიბება. მოლაპარაკებებმა ძირითადი პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს შორის შედეგი ჯერჯერობით ვერ გამოიღო. საუბარია პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკის მომხრეებსა და ყოფილი პრემიერის, ბლოკ „ერაყიას“ ლიდერის, იად ალავის მხარდამჭერებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე. ახლახან ბაღდადს ესტუმრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეფრი ფელტმანი, რომელმაც მხარეებს კოალიციური მთავრობის შექმნის გეგმა შესთავაზა. მაგრამ ბლოკმა „ერაყიამ“ ეს გეგმა უარყო, მისმა წარმომადგენელმა, ალ-მუტლაკიმ შემდეგი განაცხადა: „ამერიკელებმა წინადადებით მოგვმართეს. ჩვენმა ბლოკმა ეს წინადადება უარყო. მის თანახმად, ნური ალ-მალიკი პრემიერ-მინისტრად უნდა დარჩეს, ხოლო პოლიტიკურ საბჭოს იად ალავიმ უნდა უხელმძღვანელოს. წინადადების არსი ამაში მდგომარეობდა. ჩვენ ის უარვყავით, რადგან, ჩვენი აზრით, ‘ერაყიას’ ბლოკს სრული უფლება აქვს, მთავრობა ჩამოაყალიბოს.“