ყირგიზეთი განაგრძობს მოლაპარაკებას ეუთოს პოლიციის მისიასთან დაკავშირებით

ყირგიზეთი ჯერ კიდევ განაგრძობს მოლაპარაკებას სამხრეთ რეგიონებში ეუთოს პოლიციის მისიის განთავსების საკითხზე. ბიშკეკი და ეუთო „პოლიციის მრჩეველთა“ 52-წევრიანი, შეუიარაღებელი ჯგუფის განთავსებაზე შეთანხმდნენ მას შემდეგ, რაც ივნისში სამხრეთ ყირგიზეთში მომხდარმა ეთნიკურმა დაპირისპირებამ ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მაგრამ, როგორც რადიო თავისუფლებას დღეს განუცხადა ყირგიზეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ფარიდ ნიაზოვმა, პრეზიდენტ როზა ოტუნბაევას ჯერ არ მოუწერია ხელი მემორანდუმზე მათი განთავსების შესახებ და მოლაპარაკებები კვლავაც გრძელდება. ყირგიზეთის მოსახლეობაში მზარდ უკმაყოფილებას იწვევს ეუთოს მისიის განთავსების გეგმა.