ბარაკ ობამა: ერაყში საბრძოლო ოპერაციები დასრულებულია

ერაყში საბრძოლო ოპერაციების დასრულების გამოცხადებასთან ერთად, აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, ერაყს დაჰპირდა, რომ აშშ მის მეგობრად და პარტნიორად დარჩება. სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას, ობამამ გაამართლა ავღანეთში თავისი ქვეყნის ყოფნა და თქვა, ალ ყაიდა ამერიკაზე თავდასხმას ამზადებსო... ისიც თქვა, უსასრულო ომით არავინაა დაინტერესებულიო.

პრეზიდენტის ეს მიმართვა, რომელშიც ობამამ ერაყის შვიდწლიანი ომი დასრულებულად გამოაცხადა, თეთრი სახლიდან გადაიცა:

„ვაცხადებ დღეს, რომ ამერიკის საბრძოლო მისია ერაყში დასრულდა. დასრულდა ოპერაცია „ერაყის თავისუფლება“ და ახლა ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა თვით ერაყის ხალხის ხელშია.“

როცა ობამა საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, ჯორჯ ბუშის მიერ წამოწყებულ ამ ომს „სულელურ ომს“ ეწოდებდა. თანამდებობის დაკავების შემდეგ მან ჯარისკაცთა რიცხვი ერაყში 90 ათასამდე შეამცირა და ასობით სამხედრო ბაზა დახურა ან ერაყელებს დაუთმო. ახლა, ამ განცხადების შემდეგ, ერაყში დარჩება 50 ათასამდე ამერიკელი სამხედრო, რომელთა ამოცანა კონსულტაციები და წვრთნა იქნება. ობამამ თქვა, რომ ერაყში საბრძოლო მოქმედების დასრულების შემდეგ ამ ქვეყანასთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა გაგრძელდება:

„ჯარის რაოდენობას ვამცირებთ, მაგრამ ჩვენი თავდადებული სამოქალაქო პირები, დიპლომატები, ჰუმანიტარული მუშაკები და კონსულტანტები გაუძღვებიან ერაყისთვის მხარდაჭერის, მისი მთავრობის გაძლიერების, პოლიტიკურ უთანხმოებათა მოგვარების, ომის გამო დევნილთა დაბრუნების, რეგიონსა და მსოფლიოს შორის კავშირების აღდგენის საქმეს.“

აშშ-ის მიერ საბრძოლო მოქმედების დასრულებას თან ახლავს მეამბოხეთა გააქტიურება. ბოლო დღეებში 50 ადამიანი დაიღუპა სხვადასხვა თავდასხმის დროს. ობამამ აღიარა, რომ ძალადობა გაგრძელდება, მაგრამ, მისი აზრით, ტერორისტები თავიანთ მიზანს ვერ მიაღწევენ, რადგან ერაყელებმა უარი უთხრეს შინაომს და დაუსრულებელ ნგრევას.

ერაყიდან ჯარის გასვლა სულაც არ ნიშნავს მსოფლიო არენის დატოვებას, თქვა ობამამ. პირიქით, აშშ-ს განზრახული აქვს ახალ საუკუნეში გააძლიეროს თავისი ლიდერობა. პრეზიდენტმა განაცხადა, ერაყში ომმა, სხვათა შორის, გვასწავლა, რომ აშშ-ის გავლენას დედამიწაზე მხოლოდ სამხედრო ძალა არ განსაზღვრავსო:

„უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა: ჩვენი დიპლომატია, ჩვენი ეკონომიკური სიძლიერე, ამერიკული მაგალითის ძალა, რათა გავამაგროთ ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების პოზიცია. მომავლის ჩვენეული ხედვა არა მხოლოდ შიშს, არამედ იმედებსაც უნდა ეფუძნებოდეს. ჩვენი მზერა უნდა სწვდებოდეს არა მხოლოდ რეალურად არსებულ საფრთხეს, არამედ მასთან ბრძოლის დღევანდელ შესაძლებლობებსაც.“

ტელევიზიით გამოსვლამდე ობამა ტეხასში განთავსებულ სამხედრო ბაზას ესტუმრა, საიდანაც ყველაზე მეტი სამხედრო წავიდა ერაყში. თავის გამოსვლაში მან თქვა, რომ გასაკეთებელი აშშ-ს კიდევ ბევრი აქვს საქმის ბოლომდე მისაყვანად. ობამას თანახმად, ის ტელეფონით ელაპარაკა თავის წინამორბედს, ჯორჯ ბუშს, რომელთანაც მას ერაყის ომთან დაკავშირებით თანხმობა არ ჰქონია. ახლა ობამამ თქვა, ვერავინ ეჭვს ვერ შეიტანს იმაში, რომ ბუში მხარში ედგა ჯარს, რომ მას უყვარს თავისი ქვეყანა და იღვწოდა მისი უსაფრთხოებისთვისო.

ამ გამოსვლაში ბარაკ ობამა ავღანეთის ომსაც შეეხო. მიუხედავად ამ ომის არაპოპულარობისა, თქვა ობამამ, აუცილებელია ბრძოლა, რათა ავღანეთი არ იქცეს ალ ყაიდის გაფურჩქვნის ადგილადო. მანვე დაამატა, რომ ერაყიდან წასვლა გამოათავისუფლებს რესურსებს, რომელიც ავღანეთში ომს მოხმარდება. ობამამ იქვე დაამატა, რომ ომი ავღანეთში უსასრულოდ ვერ გაგრძელდება და რომ ეს არც აშშ-ს სურს და არც ავღანეთის ხალხს.

ობამამ პირდაპირ მიმართა ერაყის ლიდერებს, გაამხნევა ისინი და უთხრა, როცა მთავრობას შექმნით, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ერაყის ხალხს აშშ-ის სახით ძლიერი პარტნიორი ეყოლებაო. ამის დამადასტურებელი იყო ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის მივლინებაც ერაყში, სადაც ის ამ ქვეყნის ლიდერებს შეხვდა და მომავალში მხარდაჭერა აღუთქვა.

თავის გამოსვლაში ობამამ, თავის, როგორც პრეზიდენტის, მთავარ მიზნად აშშ-ის დასუსტებულ ეკონომიკაზე ზრუნვა გამოაცხადა.