შეწყვეტილი პირველი ზარი

ზუგდიდის მე-9 საჯარო სკოლაში ისე წვიმს, როგორც გარეთ.

პირველი, რაც თვალში გეცემა სკოლის შენობის დანახვისას, ავარიული სახურავია. როგორც მისი მესვეურები ამბობენ, ბრტყელი გადახურვის საბჭოთა მეთოდმა არ გაამართლა. ფოიეში წყლის გუბეები დგას. საკლასო ოთახებში, ზაფხულის ცხელი დღეების შემდეგ ახალი სასწავლო წლისთვის პირველად მოსულმა ძლიერმა წვიმამ ჩააღწია.

ზუგდიდის მე-9 საჯარო სკოლა
ასეთი იყო 15 სექტემბერი ზუგდიდის მე-9 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის. ისინი ნიაღვრისგან დაუზიანებელ ოთახებში გაამწესეს.

უფროსკლასელებისთვის არდადეგები ამ დრომდე გრძელდება, მათთვის საკმარისი მშრალი კუთხე სკოლაში სადღეისოდ არ არსებობს.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ახალი სასწავლო წლის პირველი დღე ერთ-ერთმა დაწყებითი კლასის მშობელმა გაიხსენა.

”წვიმდა, სკოლაში რომ მოვედით. კორიდორში წყლის გუბეები იდგა, მშრალი ოთახი კი არსად იყო. ბავშვმა მკითხა, რატომ წვიმს შიგნითაცო? არასასიამოვნო იყო სასწავლო წლის დაწყება ასეთ ვითარებაში”, - ამბობს მოსწავლის მშობელი.

ზუგდიდის მე-9 საჯარო სკოლა
3-4 წლის წინ სკოლას მეტალო-პლასტმასის ფანჯრები დაუპროექტეს. სახურავი, როგორც მე-9 საჯარო სკოლის დირექტორი თეა გაბელაია აცხადებს, პირველად ერთი წლის წინ დაზიანდა, ახალი პროექტისთვის ტენდერი ივლისის ბოლოს გამოცხადდა. მისივე თქმით, სამუშაოების მეტი წილი შესრულებულია, ამ დღეებში კი გადასახურად დამატებით მასალებს ელოდებიან.

დირექტორის ნათქვამის საპირისპიროდ, რადიო თავისუფლებას ადგილზე არც რაიმე სახის სამშენებლო მასალა და, მით უფრო, სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობა არ შეუნიშნავს.

მე-9 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე მარინა კიკალიშვილი აცხადებს, რომ ორშაბათიდან უფროსკლასელებისთვისაც დაიწყება ახალი სასწავლო წელი, ოღონდ მოზარდებს, მშობლიურის ნაცვლად, მე-3 საჯარო სკოლაში მეორე ცვლად მოუწევთ სიარული სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე. საგულისხმოა, რომ კონკრეტული ვადა მე-9 სკოლის სრული რეაბილიტაციისთვის, დირექტორის, მშობლის თუ დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, არაერთგვაროვანია. თუ რატომ, სადღეისოდ არც ამ კითხვაზე არსებობს პასუხი.

ზუგდიდის რესურსცენტრის ინფორმაციით, ახალი სასწავლო წელი, მე-9 სკოლის მსგავსად, იმავე პრობლემის გამო არ განახლებულა ზუგდიდის მე-5 და ინგირის მე-2 საჯარო სკოლებში. აქ სასწავლო პროცესი მხოლოდ 15 სექტემბერს დღის ბოლომდე გაგრძელდა.