ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის მიზეზის შესახებ კანადური გამოძიების დასკვნას თბილისში არ ეთანხმებიან

ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის გამო კანადაში ჩატარებული გამოძიების დასკვნას თბილისში არ ეთანხმებიან. ანგარიშში, რომელსაც ხელს გამომძიებელი ტომ პავლოვსკი აწერს, ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის ძირითად მიზეზად დასახელებულია სპორტსმენის შედარებით გამოუცდელობა, ტრაგედია კი, უბედურ შემთხვევადაა შეფასებული. საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა დღეს განაცხადა, რომ დასკვნა შეურაცხმყოფელია, რადგან ნოდარ ქუმარიტაშვილი საკმაოდ გამოცდილი სპორტსმენი იყო და შესაბამისი ლიცენზია ჰქონდა. მისი დაღუპვის მთავარ მიზეზად თბილისში კვლავ საციგაო ტრასის გაუმართაობას მიიჩნევენ. ვარძელაშვილის თქმით, თუ სპორტსმენის ოჯახი კანადური გამოძიების დასკვნის გასაჩივრებას გადაწყვეტს, მას სახელმწიფო დაეხმარება.