ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში რეგისტრირებული მოქალაქეები უვიზოდ შეძლებენ საქართველოში შესვლას

რამდენიმე დღეში ამოქმედდება საქართველოს საზღვრის გადაკვეთის ახალი რეჟიმი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში რეგისტრირებული პირებისთვის. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. მასში ვკითხულობთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 11 ოქტომბრის ბრძანებულებით, „13 ოქტომბრიდან ამოქმედდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ახალი რეჟიმი, რომელიც ითვალისწინებს, რუსეთის ფედერაციაში შემავალი სუბიექტების - ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, დაღესტნის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ადიღეს რესპუბლიკებში ჩაწერილ (რეგისტრირებულ) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის 90-დღიანი უვიზო რეჟიმის შემოღებას“.