ქართული პრესის მიმოხილვა, 15 ოქტომბერი 2010

„დღეს ახალ კონსტიტუციას დაამტკიცებენ“ - გაზეთ ”რეზონანსის” სტატიის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე ღებულობს, დღევანდელი დღე მაინც ისტორიულად ჩაითვლება. ”მართალია, ეს ცვლილებები 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა ძალაში, მაგრამ ფაქტია, რომ ცვლილებები სწორედ დღეს დამტკიცდება”, - ვკითხულობთ ”რეზონანსში.”

დღესვე ამავე გაზეთის ინტერესის საგანი აღმოჩნდა რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის 17-18 ოქტომბრისათვის დანიშნული შეხვედრა. შეხვედრაზე განხილვის ძირითადი თემა იქნება ევროპის უსაფრთხოების ახალი კონცეფცია, რომლის ინიციატორი თავად მედვედევია, და ასევე დნესტრისპირეთის კონფლიქტის გადაჭრისა და გაერთიანებული მოლდოვის ევროკავშირში მიღების საკითხი. პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის აზრით, რუსეთი მოლდოვაზე თავისი გავლენის შემცირებას არ დასთანხმდება, თუ სანაცვლო დივიდენდები არ მიიღო. ”შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, - ამბობს პოლიტოლოგი, - რომ რუსეთი დაკმაყოფილდება იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი გაიზიარებს ევროპაში ახალი უსაფრთხოების კონცეფციის რუსულ ვარიანტს: ” ეს ახალი უსაფრთხოების სისტემა არის ის, რომ უნდა შეიქმნას ევროპაში ნატოს ალტერნატივა, სადაც რუსეთს ექნება გადამწყვეტი უფლება, ვეტოს უფლება, როგორც დღეს ნატოს წევრ ყველა სახელმწიფოს აქვს.”

”რა დირექტივა მიიღეს ქართველმა ბიზნესმენებმა რუსეთიდან და რა მოხდება 2011 წლის მაისში” - ინტერვიუს ამ სათაურით სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში ბრალდებულ, ძებნილ ვალერი გელბახიანთან გაზეთ
”ვერსიაში” წაიკითხავთ. გაზეთის მიერ გამოკვეთილი ამ ორი საკითხიდან, პირველზე ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს რუსეთის ხელისუფლებისგან მიღებული აქვთ პირდაპირი დირექტივა, არ ჩაერიონ ქართული ოპოზიციის საქმეში. ამის მიზეზი, ვალერი გელბახიანის ინფორმაციით, არის ამერიკის მიერ რუსეთისათვის მიცემული გარანტია იმის თობაზე, რომ მალე საქართველოს ხელისუფლების სათავეს მიხეილ სააკაშვილი ჩამოსცილდება. რაც შეეხება იმას, რა იქნება 2011 წლის მაისში, ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ ამ დრომდე საქართველოში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

”სალომე ზურაბიშვილს ჩრდილოკავკასიელების ეშინია” - სტატიაში, რომელსაც გაზეთი ”ახალი თაობა” აქვეყნებს, აღნიშნულია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ჩრდილოეთ კავკასიასთან საზღვრების გახსნას საფრთხის მატარებელ იდეად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება შეეცდება საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში საქართველო ტერორისტების თავშესაფრად წარმოაჩინოს. ”სალომე ზურაბიშვილი მიესალმება თავისუფალი და ერთიანი კავკასიის იდეას, თუმცა მიაჩნია, რომ ამისათვის, პირველ რიგში, საქართველომ უნდა გადადგას ნაბიჯი დემოკრატიული, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსით.”