თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი თქვა გირაოთი გაეთავისუფლებინა ისრაელის ორი მოქალაქე, რომლებიც 14 ოქტომბერს ბათუმში დააკავეს, საქართველოს მაღალჩინოსნის მოქრთამვის მცდელობის ეჭვით. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ისრაელელი ბიზნესმენი, რონ ფუქსი - რომელსაც საქართველოსთან მრავალმილიონიანი დავა აქვს - და მისი პარტნიორი, ასევე ისრაელის მოქალაქე, მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, ავთანდილ ხარაძეს, ქრთამის სახით 7 მილიონ აშშ დოლარს სთავაზობდნენ. პროკურატურის თანახმად, ამ ქრთამით ისინი საქართველოს ხელისუფლების დაყოლიებას ცდილობდნენ, რათა მას არ გაესაჩივრებინა საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება - რომელმაც საქართველოს სახელმწიფოს ფუქსის და მისი ბერძენი ბიზნესპარტნიორის სასარგებლოდ 98.1 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. ქართველი სამართალდამცავები ამავე საქმესთან დაკავშირებით ბერძენ ბიზნესმენსაც ეძებენ.