რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მედვედევი-სარკოზის შეთანხმების შეუსრულებლობის საკითხს დახურულად მიიჩნევს

პერევში სასაზღვრო საგუშაგოების გაუქმებით საბოლოოდ დაიხურა მოსკოვის მიერ მედვედევი-სარკოზის შეთანხმების თითქოსდა, შეუსრულებლობის საკითხი, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გამოაქვეყნა. ის სასაზღვრო საგუშაგოების გაუქმებას კეთილი ნების გამოვლინებას უწოდებს და აღნიშნავს, რომ სადავო ტერიტორიიდან მესაზღვრეთა გაყვანას წინ უძღოდა სერიოზული სამუშაო, კერძოდ, 10-კილომეტრიანი გზის მშენებლობა, რომლის შედეგად ყარზმანის ხეობა სამხრეთ ოსეთის დანარჩენ ტერიტორიას დაუკავშირდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საზღვრებს, ამ სახელმწიფოებთან ხელმოწერილი შეთანხმებების საფუძველზე, რუსი მესაზღვრეები საიმედოდ იცავენ.