სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის ხელშეკრულებების რატიფიცირებას ევროპარლამენტი კენჭს ნოემბერში უყრის

ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის ხელშეკრულებათა რატიფიცირებას ევროპარლამენტი კენჭს ნოემბერში უყრის. ამ პროცედურამდე ხელშეკრულებებს მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა კომიტეტმა. სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება, რომელსაც ევროკავშირმა და საქართველომ ხელი ივნისში მოაწერეს, ითვალისწინებს ხანგრძლივვადიანი, მრავალჯერადი ვიზის გაცემას გარკვეული კატეგორიის პირებისათვის, მათ შორის ბიზნესმენებისთვის, ჟურნალისტებისთვის და საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახის წევრები ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრობენ. სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის ხელშეკრულებები ოფიციალურად ამოქმედდება ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის მიერ დოკუმენტების რატიფიცირებიდან ერთ თვეში.