პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჯაშუშების დაკავების თაობაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 20-მდე ადამიანის დაკავების კომენტარისგან ჯერჯერობით თავს იკავებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაც. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა განმარტა, რომ ოფიციალური კომენტარი შესაძლებელი იქნება მხოლოდ დეტალების გარკვევის შემდეგ. ამავე ბრიფინგზე მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მალაიზიაში 2 მოქალაქის დაკავებით შეშფოთებულია. პრესსპიკერის თქმით, საქმეში ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლის დავალებით, მოლაპარაკებებს აწარმოებს უკრაინაში საქართველოს ელჩი. პრეზიდენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ გასარკვევია, საქართველოს მოქალაქეები რა ვითარებაში დააკავეს. ნარკოტიკების გადატანის ბრალდებით, მალაიზიაში დაპატიმრებული 2 ქალის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.