შვედეთში გასცეს „ვიკილიკსის“ დამაარსებლის დაპატიმრების ორდერი

შვედეთის სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორების მოთხოვნა, დაკავებულ იქნეს „ვიკილიკსის“ დამაარსებელი ჯულიან ასანჯი, რომელსაც დაჰკითხავენ გაუპატიურებასა და სექსუალური მოტივით ძალადობაში ეჭვმიტანის საფუძველზე. ასანჯი, რომლის ადგილსამყოფელიც უცნობია, უარყოფს ბრალდებებს. ეს ბრალდებები უკავშირდება მის ურთიერთობას ორ ქალთან, შვედეთში აგვისტოში ვიზიტის დროს. სტოკჰოლმის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას შესაძლოა, მოჰყვეს ასანჯის დაპატიმრების საერთაშორისო ორდერის გაცემა. ასანჯის მიერ დაარსებულ საიტ „ვიკილიკსს“ გამოქვეყნებული აქვს ავღანეთსა და ერაყში ომების შესახებ შეერთებული შტატების ათასობით გასაიდუმლოებული დოკუმენტი.