თურქმენეთი პირობას დებს, რომ გაზს გამოყოფს „ნაბუკოსთვის“

თურქმენეთის ვიცე-პრემიერმა ბაიმურად ხოჯამუხამედოვმა დღეს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, 40 მილიარდამდე კუბური მეტრი გაზი გამოყოს „ნაბუკოსთვის“ - გაზსადენისთვის, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით სარგებლობს. ხოჯამუხამედოვმა დღეს ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა, რომ იქნება შეთანხმება კასპიის ზღვის ფსკერზე გამავალი ტრანს-კასპიური გაზსადენის გაყვანაზე, თურქმენეთის გაზის გადასაქაჩად, რის შემდეგაც ეს გაზი „ნაბუკოში“ გაივლის. ხოჯამუხამედოვმა მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ უკვე მიმდინარეობს აღმოსავლეთ თურმქენეთში მდებარე საბადოებიდან კასპიის ზღვის სანაპიროსკენ მიმავალი გაზსადენის მშენებლობა.