ყირგიზეთში აპრილის სისხლისღვრაში ბრალდებული სამი პირი მართლმსაჯულებას გაექცა

ყირგიზეთში მართლმსაჯულებას გაექცა სამი ყოფილი ოფიციალური პირი, რომლებსაც ბრალი ედებათ აპრილში ანტი-სამთავრობო აქციის მონაწილეთა სიკვდილში. ყირგიზეთში ყოფილ პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევს და მისი გარემოცვის ოცზე მეტ წევრს ასამართლებენ - ბრალდებით, რომ დემონსტრანტებისთვის ცეცხლის გახსნის ბრძანება მათ გასცეს. შეტაკებებში, რასაც ბაკიევის ხელისუფლების დამხობა მოჰყვა, თითქმის 90 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ასეული დაშავდა. ბაკიევს და კიდევ ხუთ ბრალდებულს - მათ შორის მის ძმას და უფროს ვაჟს - დაუსწრებლად ასამართლებენ. დღეს ერთ-ერთმა პროკურორმა განაცხადა, რომ მართლმსაჯულებისგან დამალვის მიზნით, სახლები დატოვეს და ოჯახებთან ერთად გაურკვეველი მიმართულებით წავიდნენ ბაკიევის პერიოდის გენერალური პროკურორი, ისევე როგორც მისი აპარატისა და სამდივნოს ყოფილი ხელმძღვანელები.