სააკაშვილმა დასავლეთს საქართველოს მნიშვნელობა და ოკუპაციის საფრთხე შეახსენა

მოუგვარებელი კონფლიქტები, ოკუპირებული რაიონების გამალებული შეიარაღება, გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და საქართველოს წვლილი ნატოს ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში, - ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მოხსენების მთავარი შინაარსი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელშიც მრავალი სახელმწიფოს მეთაური, ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატები და გავლენიანი ექსპერტები მონაწილეობდნენ.

10 წუთიან გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა, კერძოდ, სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობაზე:

„სამხრეთ კავკასია ერთადერთი ალტერნატიული მარშრუტია ცენტრალური აზიის ენერგომატარებლების ევროპისაკენ გადაზიდვისათვის, ძალიან მნიშვნელოვანი მარშრუტია ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების მომარაგებისათვის. ეს არის რეგიონი, სადაც ადამიანები ესწრაფვიან ტრანსატლანტურ ინტეგრაციას და ევროპულ ტრანსფორმაციას,“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და იქ მიმდინარე უკანონო სამხედრო აქტივობაზე, რაც ხელს უშლის კონფლიქტის სამშვიდობო მოწესრიგებას.

„მე დღეს აქ გამოვედი, რათა მარტივი მესიჯი გავიმეორო: პრობლემის ერთადერთი გადაწყვეტა მშვიდობაა და მისი მიღწევის ერთადერთი საშუალება - დიალოგი. მაგრამ როგორ პასუხობდა ამ მოწოდებას კონფლიქტის მეორე მხარე? სამწუხაროდ, მცდელობით, შეექმნა ისეთი ვითარება და მიეღო ისეთი სტრატეგიული სარგებელი, როგორიც ვერ შეძლო მიეღო 2008 წელს. ისინი არა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის პირობას არ გვაძლევენ, არამედ ოკუპირებულ რეგიონებში სამხედრო ძალების დაჩქარებული თავშეყრით გვიპასუხეს,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე.