ჩაატარა თუ არა თბილისმა სპეცოპერაცია ოკუპირებულ გალში

17 თებერვალს ცნობილი გახდა საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტერორისტული აფეთქებების შესრულებაში დადანაშაულებული კიდევ სამი პირის დაკავების ფაქტი. მათ შორის არის აქამდე ძებნილი მერაბ ყოლბაიაც (მეტსახელად ”კოჭო”), რომელიც, სამართალდამცველების ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთს აფარებდა თავს. შესაბამისად, ჩნდება შეკითხვა: სად ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოლბაიას დასაკავებლად გამიზნული სპეცოპერაცია?

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 17 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ”შსს-ს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დაკავებულია 2009-2010 წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ტერაქტების ერთ-ერთი შემსრულებელი, მერაბ ყოლბაია, ზ/ს "კოჭო". ასევე გამოძიებისთვის ცნობილი გახდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ 2 წევრის შესახებ. ესენი არიან ზუგდიდის რაიონის მცხოვრებლები ნუკრი შონია და დავით კეკუტია, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ აღნიშნული ტერაქტების მომზადებაში”.

შონიასა და კეკუტიასგან განსხვავებით, საზოგადოებას 17 თებერვალს პირველად არ გაუგია მესამე დაკავებულის გვარი და სახელი - მერაბ ყოლბაიაზე (მეტსახელად კოჭოზე) ძებნა ჯერ კიდევ გასულ წელს გამოცხადდა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც 2010 წლის 7 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნილად გამოაცხადა შემოდგომაზე განხორციელებულ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებული საქმე და 6 პირიც დააკავა. სამინისტრო იუწყებოდა, რომ ორგანიზებული ჯგუფი რუსი მაიორის ევგენი (იგივე ჟენია) ბორისოვის მითითებებით მოქმედებდა, ხოლო ასაფეთქებელი მასალებით ის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან მარაგდებოდა. 31 წლის მერაბ ყოლბაიასთან ერთად ძებნა მაშინ გამოცხადდა ამავე დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ერთ აქტიურ წევრზე - 48 წლის მუხრან ცხადაიაზეც, რომელიც ასევე 2003 წლიდან იძებნება ადამიანის გატაცებისთვის.

ცნობილია, რომ მაიორ ბორისოვის მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტები საქართველოში ჰექსოგენის შემცველი ასაფეთქებელი ნივთიერებით ხორციელდებოდა და ერთ-ერთმა ასეთმა აფეთქებამ - 28 ნოემბერს, ჯავახიშვილის ქუჩაზე - ადამიანის სიცოცხლეც კი შეიწირა.

გასული წლის დეკემბერში გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის სათვალავზე იყო ხუთი აფეთქება და ხუთივე განხორციელებული იყო 2010 წლის შემოდგომაზე. თუმცა 17 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში 2010-თან ერთად ნახსენებია 2009 წელიც.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ტერორისტული აფეთქებების გახმაურებულ საქმეს ახალი დეტალები შეემატა? ამ შეკითხვით ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელს შოთა უტიაშვილს მივმართეთ:

”2009 წელს იყო 7 თუ 8 აფეთქება სამეგრელოში, რკინიგზაზე. მათ შორის იყო რამდენიმე ცნობილი აფეთქება, როდესაც მოხდა აფეთქება რკინიგზის სადგურში, ზუგდიდში... ასევე იყო აფეთქებები რკინიგზის ხაზზე: ერთი შემთხვევის დროს დაიღვარა დიდი ოდენობით საწვავი; ერთი შემთხვევის დროს კი ააფეთქეს შემადგენლობა... და ეს საქმეებიც, როგორც ჩანს, დაემატება მათ ბრალს”.

შოთა უტიაშვილის ინფორმაციით, ძებნა გამოცხადებულია ტერორისტული აფეთქებების მთავარ ორგანიზატორზე - რუს მაიორ ევგენი ბორისოვზე. გავიხსენოთ, რომ მის ერთობლივად დაკითხვის ხელშეწყობას თბილისი ამაოდ სთხოვდა მოსკოვს. საკითხი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ბოლო რაუნდზეც წამოაყენა, მაგრამ თანამშრომლობაზე რუსეთის მხარე თბილისმა ვერც ამ გზით დაიყოლია. ბორისოვის გარდა ძებნილად რჩება მუხრან ცხადაიაც, რომელიც ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაციით, კვლავაც ოკუპირებულ გალს აფარებს თავს.

ასევე ოკუპირებული გალის ტერიტორია სახელდებოდა 16 დეკემბერს დაკავებული მერაბ ყოლბაიას ადგილსამყოფლად და, სწორედ აქედან გამომდინარე, ლოგიკურად ჩნდება შეკითხვა: სად ჩატარდა სპეცოპერაცია?

17 თებერვალს ცენტრალური ტელეარხები გამოთქვამდნენ ვარაუდს იმის თაობაზე, რომ მერაბ ყოლბაიას (იმავე ”კოჭოს”) დაკავების სპეცოპერაცია სწორედ ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე ჩატარდა. თუმცა სპეცოპერაციის ჩატარების კოორდინატებზე არაფერია ნათქვამი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 17 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში და დეტალების დაკონკრეტებას ჩვენთან საუბრისას თავს არიდებს შოთა უტიაშვილიც, სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

”ჩვენ არ ვაკონკრეტებთ ამ ეტაპზე, თუ სად განხორციელდა ოპერაცია...”

ამჟამინდელი თავშეკავებისგან განსხვავებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ იანვრის ბოლოს მტკიცედ უარყო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერების ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სპეცსამსახურები გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში 2-ჯერ შეეცადნენ იქ მცხოვრები ყოლბაიასა და ცხადაიას დაკავებას. როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელმა რუსლან ქიშმარიამ 31 იანვარს უთხრა რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა ”ეხო კავკაზას”, ბოლო ასეთი მცდელობა 26 იანვარს დაფიქსირდა და ინციდენტი ორმხრივი სროლით დასრულდა აფხაზეთის მილიციასა და უცნობების ასე შვიდკაციან ჯგუფს შორის. ადგილობრივი მილიციელების მიერ სროლის შეწყვეტის მიზეზად ქიშმარიამ მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხი დაასახელა:

”ჩვენ მათ წასვლის საშუალება იმიტომ მივეცით, რომ სროლა მჭიდროდ დასახლებულ ადგილას მიმდინარეობდა... და იმისათვის, რომ მოსახლეობა არ დაზარალებულიყო, ჩვენ ისინი გავუშვით...”

26 იანვრით დათარიღებული შემთხვევა, რომელზეც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელი რუსლან ქიშმარია ლაპარაკობს, სოხუმის წარმომადგენლებმა 31 იანვარს გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზეც დააყენეს. როგორც უკვე ვთქვით, ქართულმა მხარემ მაშინ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.