სამხრეთ კავკასიაში იწყება სტეინბერგისა და გორდონის ვიზიტი

სამხრეთ კავკასიაში ვიზიტს დღეს სომხეთიდან იწყებენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგი და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამერიკელი დიპლომატები შეხვდებიან პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს და საგარეო საქმეთა მინისტრს ედვარდ ნალბანდიანს. ხვალ ჯეიმს სტეინბერგი და ფილიპ გორდონი თბილისში ჩამოვლენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ლიდერებთან სტეინბერგის და გორდონის შეხვედრებისას რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილება. ამერიკელი დიპლომატები შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებსაც. სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის დასრულების შემდეგ ჯეიმს სტეინბერგი და ფილიპ გორდონი ალბანეთსა და ბოსნიას ეწვევიან.