პაკისტანის მაღაროში აფეთქებამ 24 ადამიანი შეიწირა

პაკისტანში 24-მდე გაიზარდა ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ექსპერტ იფტიხარ აჰმედის განცხადებით, მეთანის გაზის აფეთქებამ გამოიწვია მაღაროს ჩამონგრევა სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანში მდებარე ბალუჩისტანში, ქალაქ კუეტიდან 40-მდე კილომეტრში. აფეთქება კვირას მოხდა და, აჰმედის ვარაუდით, გადარჩენის დიდი შანსი არ ჰქონდა არც დანარჩენ 30-მდე პირს, რომელიც აფეთქების მომენტში მაღაროში იმყოფებოდა. ამ წყაროს ცნობით, დაღუპულების უმრავლესობა მეთანის გაზით გაიგუდა. ბალუჩისტანში მდებარე მაღარო ორი კვირის წინ სახიფათოდ გამოცხადდა, მაგრამ გაფრთხილება, როგორც იფტიხარ აჰმედი ამბობს, უგულებელყვეს. მაღარო სახელმწიფო კომპანიას ეკუთვნის, თუმცა ის იჯარით აქვს აღებული კერძო ფირმას.