ისრაელის ყოფილ პრეზიდენტს შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ისრაელის ყოფილ პრეზიდენტ მოშე კაცავს შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს გაუპატიურებასა და სხვა სახის სქესობრივ ძალადობაში ბრალდებების საფუძველზე. დეკემბერში კაცავი დამნაშავედ სცნეს თანამშრომლის გაუპატიურებაში 1998 წელს, როცა ის ისრაელის ტურიზმის მინისტრი იყო. მან სასჯელი დაიმსახურა პრეზიდენტობის დროს, 2000-2007 წლებში ორი თანამშრომელი ქალისადმი სქესობრივი ძალადობის გამოც. საზოგადოებრივი აზრის ზეწოლამ კაცავი 2007 წელს აიძულა, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე ორი კვირით ადრე გადამდგარიყო. ის ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირია, რომლისთვისაც ისრაელში პატიმრობა აქვთ მისჯილი. ისრაელის პრეზიდენტის პოსტი ძირითადად წარმომადგენლობითი ფუნქციებით შემოიფარგლება.