აფხაზეთში რუსეთის სპეციალური საბაჟო ორგანო გაიხსნება

დღეს რუსეთის და მის მიერ აღიარებული აფხაზეთის საბაჟო სამსახურების ხელმძღვანელებმა სოხუმში ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შეთანხმებებს. სააგენტო აფსნიპრესის ცნობით, რუსეთის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი ბელიანინოვი აფხაზ კოლეგებს ყველა სახის, მათ შორის ტექნიკურ დახმარებას დაჰპირდა. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, ბელიანინოვმა განაცხადა, რომ აფხაზეთის ეკონომიკა აღმავლობას განიცდის, რუსეთთან ტვირთბრუნვა გაზრდილია და სოჭის ოლიმპიადა ამ ტენდენციას გააძლიერებს. ბელიანინოვმა სოხუმში ჟურნალისტებს აცნობა, რომ აფხაზეთში გაიხსნება რუსეთის სპეციალური საბაჟო ორგანო, რომელიც ხელს შეუწყობს საბაჟო პროცედურების გამარტივებას. მისივე განცხადებით, რუსეთი დაინტერესებულია, რომ სოჭის ოლიმპიადისთვის საჭირო სამშენებლო მასალებს აფხაზეთიდან შეუფერხებლად იღებდეს.