ვლადიკავკაზში მოკლეს ედუარდ კოკოითის დაცვის ორი წევრი

ვლადიკავკაზში მოკლეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის დაცვის ორი წევრი ალიმ კაბულოვი და ოლეგ იკაევი. რუსული საინფორმაციო სააგენტოები ჩრდილოეთ ოსეთის შსს-ზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ იკაევი და კაბულოვი, რომელიც კოკოითის ნათესავიც იყო, ღამის კლუბში ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას მოკლა ვლადიკავკაზის მცხოვრებმა, გვარად ძაგოევმა. ამავე წყაროთა ცნობით, ძაგოევი ადგილობრივ პოლიციას დღეს საკუთარი სურვილით ჩაბარდა. სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით აღძრა რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა. სააგენტო “რია-ნოვოსტის” სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ კოკოითის დაცვის წევრები ვლადიკავკაზში პირადი ინიციატივით იმყოფებოდნენ.