სახალხო დამცველის აპარატმა იზოლატორებში 170 მომიტინგეს მიაგნო

სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი დაკავების იზოლატორებში 26 მაისის ღამეს დაკავებული 170-მდე პირი აღმოჩნდა. სიაში არიან ბათუმის საკრებულოს წევრი მურმან დუმბაძე, კინორეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი, ბადრი ბიწაძის ძმა რემი ბიწაძე. სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ 26-28 მაისს ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ აქვეყნებს. როგორც ინფორმაციაშია მითითებული, დაკავებულთა უმრავლესობას მეტ-ნაკლებად, ზოგიერთ კი სერიოზული ხასიათის დაზიანებები აღენიშნებათ. დაკავებულები ზეპირ საუბარში აცხადებენ, რომ დაზიანებები მიიღეს როგორც აქციის დაშლისას, ისე დაკავების შემდგომ, თუმცა ამ ეტაპზე ბევრმა მათგანმა სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის ახსნა-განმარტების მიცემაზე უარი განაცხადა.