ჟენევაში გაემგზავრა საქართველოს დელეგაცია

დღეს ჟენევაში გაემგზავრა საქართველოს დელეგაცია, რომელსაც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს. საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით შვეიცარიაში ხვალ გაიმართება ამიერკავკასიის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი დისკუსიის მე-16 რაუნდი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთისა და მის მიერ აღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებიც. მათ ჟენევაში გამგზავრების წინ განაცხადეს, რომ კვლავ მოითხოვენ საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის იურიდიული დოკუმენტის ხელმოწერას. თავის მხრივ, თბილისის დელეგაცია აპირებს განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს უსაფრთხოების საკითხებსა და საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ინციდენტებზე.