ავღანეთში საავადმყოფოს აფეთქებას სულ მცირე 35 კაცი ემსხვერპლა

ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით 35 კაცი დაიღუპა შაბათს აღმოსავლეთ ავღანეთში. თვითმკვლელი ტერორისტი, დანაღმული მანქანით ჰოსპიტალს შეეჯახა, რის შედეგადაც სამედიცინო დაწესებულების შენობა მთლიანად დაინგრა. ტრაგიკული ინციდენტი ავღანეთის ლოგარის პროვინციაში მოხდა. პროვინციის მთავრობის წარმომადგენლის, დინ მუჰამედ დარვაიშის განცხადებით, თვითმკვლელი მოიერიშის სამიზნეს წარმოადგენდა აზრას რაიონში მდებარე საავადმყოფო. დახოცილები და დაჭრილები საავადმყოფოს მედპერსონალი, მნახველები და პაციენტები არიან. თვითმკვლელის მიერ მოწყობილ აფეთქებაზე პასუხისმგებლობას თალიბანი უარყოფს.