ჯაშუშობის ბრალდება ამ დრომდე არ წარუდგენიათ დაკავებული ფოტორეპორტიორებისთვის

ჯაშუშობის ოფიციალური ბრალდება ამ დრომდე არ წარუდგენიათ ოთხი ფოტორეპორტიორისთვის, რომლებიც ხუთშაბათს გამთენიისას თბილისში დააკავეს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა. შეგახსენებთ, რომ შსს-ს განმარტებით, ზურაბ ქურციკიძეს, ირაკლი და ნათია გედენიძეებს და გიორგი აბდალაძეს ბრალად ედებათ ”ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის საქართველოს ინტერესების საზიანოდ სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება.” ფოტორეპორტიორებისთვის, რომლებიც დანაშაულს არ აღიარებენ, ოფიციალური ბრალდების წარდგენის ვადა დაკავებიდან 48 საათში იწურება. წინასწარი ბრალდებისადმი პროტესტის ნიშნად ფოტოკორესპონდენტი გიორგი აბდალაძე მეორე დღეა შიმშილობს.