„ჰიუმენ რაიტს უოჩი“ აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის წევრების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს

კენეტ როთი, „ჰიუმენ რაიტს უოჩის“ დირექტორი

ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰიუმენ რაიტს უოჩი“ მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტს, ბარაკ ობამას, მოითხოვოს გამოძიების დაწყება ბრალდების გამო, რომ მისი წინამორბედის - ჯორჯ ბუშის - ადმინისტრაციამ ნებართვა გასცა პატიმრების მიმართ წამების მეთოდები გამოეყენებინათ. მოწოდება გამოთქმულია ორგანიზაციის 107-გვერდიან ანგარიშში. მასში ნათქვამია, რომ ობამას ადმინისტრაციამ ვერ შეასრულა აშშ-ის ვალდებულება, რომელსაც ითვალისწინებს კონვენცია წამების წინააღმდეგ.
ანგარიში ცხადყოფს, რომ არსებობს დიდი რაოდენობით სამხილები, რის გამოც ბუშის ადმინისტრაციის მაღალი რანგის მოხელეები უნდა დაიკითხონ...

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის რეკომენდაციით, ყოფილ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის გარდა, სისხლის სამართლის საქმე კიდევ სამი ყოფილი მაღალი რანგის მოხელის - ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის, თავდაცვის მინისტრის დონალდ რამსფელდის, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორის ჯორჯ ტენეტის მიმართ უნდა აღიძრას. ანგარიში, რომელსაც ეწოდება „წამებით ფონს გასვლა: ბუშის ადმინისტრაცია და დაპატიმრებულთა მიმართ ცუდი მოპყრობა“, შეიცავს იმ უკანონო ქმედებების დამადასტურებელ ინფორმაციებს, რომლებიც, „ჰიუმენ რაიტს უოჩის“ თქმით, ზემოხსენებული პირების მიერ იყო სანქცირებული.

„საჯაროდ ხელმისაწვდომ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ანგარიში ცხადყოფს, რომ არსებობს დიდი რაოდენობით სამხილები, რის გამოც ბუშის ადმინისტრაციის მაღალი რანგის მოხელეები უნდა დაიკითხონ და პოტენციურად შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც მიეცნენ წამების სანქცირების გამო“, - ამბობს ანდრეა პრასოვი, „ჰიუმენ რაიტს უოჩის“ ტერორიზმისა და კონტრტერორიზმის პროგრამების უფროსი მრჩეველი.
ჯორჯ ბუში

ანგარიში ბრალს სდებს ჯორჯ ბუშს, ვისი ბრძანებითაც დაზვერვის ცენტრალურმა სამმართველომ შექმნა საიდუმლო პროგრამა, რომლის თანახმადაც ხდებოდა ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების მოტაცება და გადაყვანა მესამე ქვეყნებში არსებულ საიდუმლო ციხეებში, სადაც მათი დაკითხვა სასტიკი მეთოდებით წარმოებდა.

ბუშის პერიოდის უკანონობათა შორის ყველაზე გახმაურებულია მაჰერ არარის საქმე. „ალ ყაიდასთან“ კავშირში ეჭვმიტანილი ეს პირი ნიუ-იორკის აეროპორტში დააკავეს აშშ-ის სამართალდამცველებმა, როდესაც იგი მივლინებიდან უკან - კანადაში - ბრუნდებოდა. კანადისა და სირიის მოქალაქე ორი კვირის განმავლობაში ჰყავდათ იზოლირებული, შემდეგ გადაიყვანეს სირიაში, სადაც მაჰერ არარს ერთი წლის განმავლობაში აწამებდნენ.

ამის შემდეგ სირიამ აღიარა არარის უდანაშაულობა, ხოლო კანადის მთავრობამ, რომელიც თანამშრომლობდა აშშ-ის ხელისუფლებასთან, მას ზიანის ასანაზღაურებლად 11 მილიონი დოლარი გადაუხადა. თუმცა აშშ-მა არ გაამართლა არარი და უარყო სარჩელი, რომელიც არარმა შეიტანა სასამართლოში.
თუკი აშშ-ის ხელისუფლება ხელს დააფარებს საკუთარ მოხელეებს, წყალში ჩაიყრება ძალისხმევა, სამსჯავროს წინაშე წარდგნენ კანონის სერიოზული დამრღვევები...

ჯეიმ ფლაი, რომელიც პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი და თავდაცვის მინისტრ დონალდ რამსფელდის შტაბის წევრი იყო, „ჰიუმენ რაიტს უოჩის“ ანგარიშში ახალს ვერაფერს ხედავს და აცხადებს, თეთრი სახლი, ალბათ, ასეთი გამოძიების ჩატარებას არ გადაწყვეტსო:

„ყოველთვის მიმდინარეობდა ხანგრძლივი კამათი ამერიკული თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, რომლებიც ფიქრობენ, რომ წამებაა დაკითხვისას დახრჩობის იმიტაცია თუ სხვა ქმედება, რაც 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ბუშის ადმინისტრაციამ ეროვნული უშიშროების კონტექსტში განახორციელა. მაგრამ შეერთებული შტატები კანონებით იმართება და არსებობს პროცესები, რომელთა თანახმადაც ბუშის ადმინისტრაცია, - ისევე როგორც ობამას ადმინისტრაცია, - ახორციელებს საქმიანობას, რომელიც კანონიერია და მთავრობის იურისტები მართებულად მიიჩნევდნენ.“

„ჰიუმენ რაიტს უოჩი“ მოუწოდებს ბარაკ ობამას ადმინისტრაციას, მიაღწიოს საქმის აღძვრას ჯორჯ ბუშისა და ყოფილი ხელისუფლების სხვა წევრების წინააღმდეგ.

„თუკი აშშ-ის ხელისუფლება ხელს დააფარებს საკუთარ მოხელეებს, ეს სხვებს კიდევ უფრო გაუიოლებს საქმეს და წყალში ჩაიყრება ძალისხმევა, სამსჯავროს წინაშე წარდგნენ კანონის სერიოზული დამრღვევები“, - აღნიშნავს ანგარიშში კენეტ როთი, „ჰიუმენ რაიტს უოჩის“ დირექტორი.