პოლონეთის პროკურატურამ მაღალი თანამდებობის ორი მოხელე გაათავისუფლა

პოლონეთის გენერალურმა პროკურატურამ სამსახურიდან დაითხოვა ამ უწყების საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი კშიშტოფ კარშნიცკი და მისი მოადგილე. ამ მოხელეებმა ბელორუსიას მიაწოდეს ინფორმაცია უფლებადამცველ ალეს ბელიაცკის საბანკო ანგარიშებზე, რამაც პოლონეთის გენერალური პროკურორის ანჯეი სერემეტის აღშფოთება გამოიწვია. ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე სერემეტმა განაცხადა, რომ ამიერიდან ბელორუსიის ყველა მოთხოვნა მხოლოდ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით განიხილება. ამის შესახებ იუწყება რადიო თავისუფლების ვარშაველი კორესპონდენტი.