სახალხო დამცველის წარმომადგენლები ესაუბრნენ ქსნის საპატიმროში მყოფებს

საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლები 9 სექტემბერს მივიდნენ ქსნის საპატიმროში მას შემდეგ, რაც მოძრაობამ „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ გაავრცელა ცნობა ამ დაწესებულებაში პატიმრების ცემის შემთხვევის შესახებ. მოძრაობის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ პარასკევს თბილისში განაცხადა, რომ 8 სექტემბერს მის სახელზე ქსნის N15 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მივიდა წერილი, რომელსაც ხელს აწერს ოთხი მსჯავრდებული და რომელშიც დეტალურად არის აღწერილი მათი ცემის ფაქტი. მოგვიანებით მსჯავრდებულებმა სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებსაც დაუდასტურეს მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტი. სახალხო დამცველის განცხადებაში, რომელიც პატიმრებთან შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ პატიმრებისგან მიღებულ ახსნა-განმარტებებს რეაგირებისთვის გადაუგზავნიან მთავარ პროკურატურას. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „სახალხო დამცველი მოუწოდებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს პირად კონტროლზე აიყვანოს პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ყველა ფაქტი და დააყენოს ყველა იმ თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც უხეშად არღვევენ პატიმართა უფლებებს“.