ავღანეთის ადგილობრივ პოლიციას უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ

უფლებადამცავ ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩის“ ინფორმაციით, ავღანეთის პოლიცია დაუსჯელად სჩადის სერიოზულ დანაშაულებს. ორგანიზაციამ მოიპოვა მტკიცებულებები, რომ ავღანეთის ადგილობრივ პოლიციას სამ პროვინციაში - ბაღლანში, ჰერათსა და ურუზგანში - აქვს ჩადენილი მძიმე დანაშაულები, როგორიცაა გაუპატიურება, მკვლელობა და თვითნებური დაპატიმრება. „ჰიუმან რაითს უოჩმა“ ამ საკითხზე იმუშავა სულ შვიდ პროვინციაში. ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების პრესმდივნის განცხადებით, აისაფ-ის ხელმძღვანელობა ავღანეთის მთავრობასთან ერთად იმუშავებს „ჰიუმან რაითს უოჩის“ ანგარიშში შესული ბრალდებების შესამოწმებლად. ავღანეთის ადგილობრივი პოლიცია, რომელიც გასულ წელს შეიქმნა და 7000-მდე კაცს აერთიანებს, ადგილობრივ მცხოვრებლებს აიარაღებს მოსახლეობის დასაცავად რეგიონებში, რომლებზეც ნაკლებად მიუწვდებათ ხელი არმისა და რეგულარულ პოლიციას.