კლინტონი ლიბიას ეწვია მორიგი დახმარების შესათავაზებლად

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მოულოდნელად ეწვია ლიბიას, დროებით მთავრობასთან ურთიერთობის განსამტკიცებლად. ის შეერთებული შტატების ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური წარმომადგენელია, რომელიც ლიბიაში ჩავიდა თებერვალში მუამარ კადაფის წინააღმდეგ ამბოხების დაწყების შემდეგ. ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, კლინტონი დროებით მთავრობას გააცნობს ახალ პროგრამებს, რომლებიც ითვალისწინებს, მაგალითად, შეერთებული შტატების დახმარებას ბრძოლებში დაჭრილი მეამბოხეების სამკურნალოდ და კადაფის სამხედრო არსენალის გასანადგურებლად, ისევე როგორც სტუდენტების გაცვლას. კლინტონის ვიზიტის ფონია ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს ჯარების მცდელობა, აიღონ ბოლო ქალაქები, რომლებსაც კადაფის მომხრეები აკონტროლებენ.