ბერლუსკონიზე გადადგომის მოთხოვნით ზეწოლა იზრდება

იტალიისთვის სესხზე დაწესებულმა საპროცენტო განაკვეთებმა დღეს ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანაში ევრო მოქმედებს. პარალელურად, იზრდება ზეწოლა პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონიზე, გადადგომის მოთხოვნით. ქვეყნის ათწლიან ობლიგაციებზე განაკვეთები დღეს 6,58 პროცენტამდე გაიზარდა და მიუახლოვდა იმ 7 პროცენტიან ზღვარს, როცა ირლანდია და პორტუგალია იძულებულნი შეიქმნენ დათანხმებულიყვნენ ევროკავშირის დახმარებას. იტალია შესაძლოა ევროს მოქმედების ზონის კრიზისის კიდევ ერთი მსხვერპლი გახდეს - მას დიდი ვალი აქვს, ეკონომიკა ძალიან ნელი ტემპით იზრდება, ამ ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა კი დიდძალ თანხებს მოითხოვს. ბერლუსკონის გადადგომას შესაძლოა ინვესტორებმა კარგი თვალით შეხედონ - რაც ახალი მთავრობის შექმნას მოიტანს, რომელიც უფრო მკაცრად გაატარებს აუცილებელ ეკონომიკურ ზომებს.