თალიბანი აცხადებს, რომ ხელთ აქვს სახალხო კრების გეგმა

თალიბანმა გამოაქვეყნა მისი თქმით მომავალი ეროვნული ყრილობის საიდუმლო გეგმა, რასაც ავღანეთის მთავრობა უარყოფს. თალიბანის მიერ საკუთარ საიტზე კვირას გამოქვეყნდა რუკა იმ ადგილისა, სადაც ე.წ. ლოია ჯირგა უნდა გაიმართოს და ასევე უსაფრთხოების ზომების ჩამონათვალი. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმას უწოდებს ფაბრიკაციას და აცხადებს, რომ თალიბანი ცდილობს დააშინოს ავღანელები, რომლებიც ტრადიციულ სახალხო კრებაში აპირებენ მონაწილეობის მიღებას. ასამბლეა ქაბულში 16 ნოემბერს ტარდება და მასში 2000-მდე პოლიტიკოსი და უხუცესი მიიღებს მონაწილეობას. ყრილობაზე განიხილება ქვეყნის გრძელვადიანი თანამშრომლობა აშშ-თან და ასევე მეამბოხეებთან შერიგებისაკენ მიმართული ძალისხმევა. თალიბანი აცხადებს, რომ აპირებს ჩაშალოს ასამბლეა.