გერმანიის კანცლერი კოსოვოს ეწვია

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კოსოვოსა და სერბიის ლიდერებს მოუწოდა, დაიწყონ საზღვრის ერთად გაკონტროლება, რასაც ითვალისწინებს შეთანხმება ჩრდილოეთ კოსოვოში დაპირისპირების მოსაგვარებლად. კოსოვოს ამ რეგიონში ძირითადად ეთნიკური სერბები ცხოვრობენ. მერკელმა პრიშტინაში ვიზიტისას, კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ჰაშიმ ტაჩისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა აგრეთვე, რომ ბერლინი ემხრობა ჩრდილოეთ კოსოვოში სერბიის პარალელური სტრუქტურების, მათ შორის სასამართლოებისა და სკოლების დახურვას. კოსოვოში ხანმოკლე ვიზიტისას, მერკელი შეხვდა გერმანელ მშვიდობისდამცველებს, რომლებიც რეგიონში ნატოს სამშვიდობო კონტინგენტში მსახურობენ.